Wednesday, 14 October 2015

                                                     ჩრდილოეთი ამერიკა
ჩრდილოეთი ამერიკა (ინგლ. North America, ფრანგ. Amérique du Nord, ესპ. América del Norte, Norteamérica, ნაუატ. Ixachitlān Mictlāmpa) — კონტინენტი დედამიწის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებში. სამხრეთ ამერიკასთან ერთად ქმნის ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქვეყნებია: კანადა, აშშ და მექსიკა. კონტინენტის ფართობი კუნძულების გარეშე შეადგენს 20,36 მლნ კმ²-ს, კუნძულებთან ერთად კი 24,709 მლნ კმ²-ს. ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნის კუნძული გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, კარიბები, ალეუტის კუნძულები და სხვა.
2008 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ამერიკის 23 სახელმწიფოში 555 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. კონტინენტებს შორის ფართობით იგი მესამეა, აზიისა და აფრიკის შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე, აზიის, აფრიკისა და ევროპის შემდეგ.
კონტინენტის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი წარმოიშვა უძველეს კრატონ ლავრენტიაზე. მისი ისტორია დაახლოებით 1,5-1 მილიარდ წელს მოიცავს. მატერიკის ძირითად ნაწილს კანადის ფარი წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია ევროპის კონტინენტისგანაა გამოყოფილი. ეს ორი მატერიკი ერთმანეთთან სუპერკონტინენტ პანგეას დროს იყო შეერთებული, სხვა დანარჩენ კონტინენტებთან ერთად. კონტინენტზე არსებული ხელსაყრელი პირობების გამო, მისი ტერიტორია დინოზავრების გავრცელების მთავარ არეალს წარმოადგენდა. თუ საიდან მოხვდნენ ადამიანები კონტინენტზე, ამის შესახებ დანამდვილებითი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ყველაზე მყარი ჰიპოთეზის მიხედვით ადამიანები კონტინენტზე დიდი გამყინვარების დროს აზიიდან გადმოსახლდნენ.
კონტინენტის ჩრდილოეთი სანაპირო ძირითადად არქტიკულ სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი ნაწილი კი ზომიერ სარტყელშია. ასეთი ჰავის გამო კონტინენტზე ფართო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები მიმდინარეობს. კონტინენტზე მიედინება მსოფლიოში სიგრძით მესამე მდინარე — მისისიპი-მისურით.
კონტინენტი ძლიერი ეკონომიკური სისტემებით გამოირჩევა, აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა — აშშ. ასევე ძლიერი ეკონომიკური სისტემები გააჩნიათ მექსიკასა და კანადას. კონტინეტზე ძირითადად სამი მსხვილი ეკონომიკური გაერთიანება მოქმედებს: ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA), კარიბების კავშირი (CARICOM) და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემა (CACM)[3].
ყველაზე გარცელებული სალაპარაკო ენებია: ინგლისური, ფრანგული და ესპანური. სამივე ენის გავრცელება კონტინენტზე ევროპული კოლონიზაციის დროს მოხდა. მოსახლეობა მრავალფეროვანია ეთნიკური და რასობრივი თვალსაზრისითაც, ძირითად რასობრივ ჯგუფებს ინდოევროპელები, მეტისები და ზანგები წარმოადგენენ

                                                       ძველი ისტორია
ანთროპოლოგებს აქვთ მრავალი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ და საიდან მოხვდნენ ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე. ინდიელ ხალხს აქვთ მრავალი მითი იმის შესახებ, რომ ისინი დედამიწაზე მისი შექმნის დღიდან ცხოვრობენ. ასევე არსებობს ჰიპოთეზა, იმის შესახებ რომ, ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივი პირველი მცხოვრებლები დიდი გამყინვარების პერიოდში წამოვიდნენ აზიიდან, გადმოცურეს ბერინგის ყელი და აქ დასახლდნენ.
ევროპელებთან კონტაქტამდე, ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა დაყოფილი იყო მრავალ სახელწიფოდ, რამდენიმე ჯგუფის გაერთიანებიდან დაწყებული, დიდი იმპერიებით დამთავრებული. მათ გააჩნდათ საკუთარი კულტურა და ტრადიციები. ისინი ეჩვეოდნენ ბიოლოგიურ და გეოგრაფიულ ზონებს, რომელშიც უწევდათ ცხოვრება და მისდევდნენ შესაბამის საქმიანობას, რომელიც ხელსაყრელი იყო გარემო პირობებთან, მაგ: დიდ დაბლობებზე მცხოვრები ხალხი, მონადირეობით ირჩენდა თავს. თანამედროვე მექსიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი კი, ფერმერობით ირჩენდა თავს. კონტინენტზე მცხოვრები ხალხი, ასევე დაყოფილი იყო ენობრივი კლასიფიკაციის მიხედვითაც. ერთ ენობრივ კლასში გაერთიანებული ხალხები, ყოველთვის არ იზიარებდნენ ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციებს, ზოგ შემთხვევაში კი ერთმანეთთან კავშირიც არ ქონდათ. ანთროპოლოგები თვლიან, რომ ინუიტები აქ სხვა ხალხებზე შედარებით გვიან გადმოსახლდნენ, რასაც არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური და პალეონტოლოგიური ფაქტები ადასტურებს.
ათასობით წლის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლების კულტურა იცვლებოდა და იცვლიდა გავრცელების არეალს. ერთ-ერთი ყველაზე ძველი კონტინენტზე გავრცელებული კულტურა იყო კლოვისის კულტურა (თანამედროვე ნიუ-მექსიკოს კულტურა). ცოტა მოგვიანებით, კონტინენტზე გავრცელებული მისისიპის კულტურა, რომელიც დაკავშირებული იყო ყორღანულ კულტურასთან, მოიცავდა მისისიპის სანაპირო ზოლს. ასევე იყო პუებლოს კულტურა, ანასაზი, რომელიც მოიცავდა კოლორადოს, ნიუ-მექსიკოს, არიზონასა და იუტას შტატებს. ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურა, დღეს უკვე გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ესენია: პომიდორი, ყაბაყი, სიმინდი და სხვა.
კონტინენტის სამხრეთ ნაწილში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობაც, ასევე მრავალი კულტურა წარმოიშვა კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, თუნდაც მაიას დამწერლობა, მესოამერიკული პირამიდებისა და ტაძრების სამშენებლო სტილი, მაიას კალენდარი, ნულის კონცეფცია, რომელიც მესოპოტამიელ ხალხზე რამდენიმე ასეული წლით გვიან დაადგინეს.[9] მაიას ცივილიზაცია მოიცავდა მექსიკის სამხრეთ შტატებს, გვატემალას, ბელიზს, სალვადორსა და ჰონდურასის ნაწილს. მათი კულტურის განადგურება კონტინენტზე ევროპელი მოგზაურების გამოჩენიდან დაიწყო. მაიას ხალხები 1547 წელს ერნან კორტესმა დაიპყრო

                                                               გეოგრაფია  

ჩრდილოეთ ამერიკას უკავია დედამიწის ჩრდილო-დასავლეთ ნახევარსფეროები, რომელსაც პირობითად „ახალ მსოფლიოს“ უწოდებენ, ასევე მას უწოდებენ „ამერიკას“. ჩრდილოეთი ამერიკა მოიხსენიება როგორც ცალკეულ კონტინენტად,[12][13][14] ასევე სამხრეთ ამერიკასთან ერთად ერთ მთლიან სუბკონტინენტად. ჩრდილოეთ ამერიკა სამხრეთ ამერიკასთან დაკავშირებულია პანამის ყელით. კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს პანამის ნაპრალი, რომელიც კოლუმბია-პანამის საზღვართანაა. პანამის ნაპრალის საშუალებით ლათინური ამერიკა და სამხრეთ ამერიკა გამოყოფილია ერთმანეთისგან.[15][16][17] ასევე ჩრდილოეთ ამერიკისა და სამხრეთ ამერიკის გამყოფად მოიხსენიებენ პანამის არხს. ჩრდილოეთ ამერიკის შემადგენლობაშია კარიბებიც (ვესტ-ინდოეთი).
ჩრდილოეთ ამერიკას გარს არტყამს დასავლეთით წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე. მის შემადგენლობაშია, ასევე მრავალი კუნძული: გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, ალეუტის კუნძულები, ვანკუვერი, ალექსანდრას არქიპელაგი და სხვა. კონტინენტი გამოირჩევა მნიშვნელოვანი თავისებურებებით სხვა კონტინენტებთან შედარებით. მნიშვნელოვან თავისებურებებს შორისაა: დიდი ტბები, კანიონები, ტალახის ვულკანები და გეიზერები.
კონტინენტის უკიდურესი წერტილები: ჩრდილოეთით — მერჩისონის კონცხი, 71°50′ ჩ. გ. 94°45′ დ. გ. / 71.833° ჩ. გ. 94.750° დ. გ. / 71.833; -94.750 სამხრეთით — მარიატოს კონცხი, 7°12′ ჩ. გ. 80°52′ დ. გ. / 7.200° ჩ. გ. 80.867° დ. გ. / 7.200; -80.867 დასავლეთით — პრინც უელსის კონცხი, 65°35′ ჩ. გ. 168°05′ დ. გ. / 65.583° ჩ. გ. 168.083° დ. გ. / 65.583; -168.083 აღმოსავლეთით — სენტ-ჩარლზის კონცხი, 52°24′ ჩ. გ. 55°40′ დ. გ. 
                                                         რელიეფი                                                               
ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ძირითადი ფართობი ვაკეებს უკავიათ, მთებს კი კონტინენტის ფართობის დაახლოებით მესამედი ნაწილი უკავიათ. კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში ჭარბობს დაბლობები და მაღლობი ვაკეები, რომლებიც კრისტალური ქანებითაა აგებული. კონტინენტის სამხრეთ მხარეს მდებარეობს ცენტრალურ ვაკეთა მხარე და მდინარე მისისიპის დაბლობი, კონტინენტის ეს ნაწილი ეროზიული და აკუმულაციური ფორმებით ხასიათდება.
კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს აპალაჩების მთები, რომლებიც დასერილია ხეობებით. მთის კალთები დამრეცია, სიმაღლე სამხრეთ აპალაჩებში 2000 მ-ს აღემატება. დასავლეთ ნაწილში კი კონტინენტს მიუყვება კორდილიერების მთები. კორდილიერები დასერილია ღრმა ხეობებით, კანიონებით. კორდილიერების უმაღლესი მწვერვალია მაკ-კინლი (6193 ). მწვერვალი მდებარეობს ალასკის ქედზე და მუდმივი თოვლითაა დაფარული. კორდილიერები რთული აგებულების მთათა სისტემას განეკუთვნება თავისი რელიეფის გამო.
ჩრდილოეთ ამერიკა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ მოიპოვება მადნეული წიაღისეული: რკინა, სპილენძი, ნიკელი, და სხვა. მექსიკის ყურეში და მისისიპის დაბლობზე მოიპოვება დიდი რაოდენობით ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი. აპალაჩების მთებში მოიპოვება რკინა და ქვანახშირი.
 
                                                            ჰავა
ჩრდილოეთ ამერიკა მდებარეობს თითქმის ყველა კლიმატურ სარტყელში, ეს ყველაფერი კი კონტინენტზე ჰავის დიდ ნაირგვარობას იწვევს. ჰავის ნაირგვარობას ასევე ხელს უწყობს ოკეანეები, თბილი და ცივი დინებები, რელიეფი (ჰუდსონის და მექსიკის ყურეები) და სხვა.
ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია რელიეფის თავისებურებანი. კორდილიერების მაღალი მთები წინ ეღობება წყნარი ოკეანიდან მონაბერ ჰაერის მასას, რის გამოც მთის კალთებზე და შიდა ვაკეებზე ჰაერის მასა სახეშეცვლილია და ნალექს ან მცირე რაოდენობით, ან სულ არ გამოყოფს. ატლანტის ოკეანის გავლენა ჰაერის მასებზე კი შედარებით დიდია, რადგან აპალაჩების მთები ვერ ქმნის სეროიზულ წინაღობას და ჰაერის მასები კორდილიერებამდე აღწევს. კონტინენტის შუა ნაწილში მდებარე ვაკეები კი ყინულოვანი ოკეანიდან მექსიკის ყურემდე ხელს უწყობს არქტიკული და ტროპიკული ჰაერის მასების თავისუფალ გადაადგილებას




ლინკი ჩრდილოეთ ამერიკის შესახებ
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A9%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90


                                                            სამხრეთ ამერიკა

სამხრეთი ამერიკა (ესპ. América del Sur, Sudamérica, Suramérica, პორტ. América do Sul, ინგლ. South America, ნიდერლ. Zuid-Amerika, ფრანგ. Amérique du Sud, გუარ. Ñembyamérika, კეჩ. Urin Awya Yala, Urin Amerika) — კონტინენტი დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროსა და, ძირითადად, სამხრეთ ნახევარსფეროში; ესაზღვრება სამხრეთით და დასავლეთით წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე; ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის ზღვა მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით. უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — პუნტა-გალინასის კონცხი (ჩ. გ. 12°28'), სამხრეთით — ფროუორდის კონცხი (ს. გ. 53°54'), აღმოსავლეთით — კაბუ-ბრანკუს კონცხი (დ. გ. 34°37') და დასავლეთით — პარინიასის კონცხი (დ. გ. 81°20').
როგორც ამერიკის ნაწილი, ჩრდ. ამერიკის მსგავსად სამხრეთ ამერიკას სახელი ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად დაერქვა. ის პირველი ევროპელი იყო, ვინც ამტკიცებდა, რომ ამერიკა აღმოსავლეთ ინდოეთის ნაწილი კი არ იყო, არამედ მანამდე ევროპელთათვის უცნობი ახალი მსოფლიო.
სამხრეთ ამერიკის ფართობია 17 840 000 კმ², მისი მოსახლეობა 2005 წლისთვის შეადგენდა 371 000 000 ადამიანს. სამხრეთ ამერიკა ფართობით მეოთხეა აზიის, აფრიკისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ და მოსახლეობით მეხუთე (აზიის, აფრიკის, ევროპისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ).
სამხრეთ ამერიკას ეკუთვნის მრავალი კუნძული, მათ შორის: ქარზურგა კუნძულები და კუნძული ტრინიდადი, ფოლკლენდის კუნძულები, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი, გალაპაგოსის, ჩილეს სამხრეთით და დასავლეთით მდებარე კუნძულები და სხვა.
სამხრეთი ამერიკის ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული, მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთი ნაწილია ფიორდებით შეჭრილ-შემოჭრილი. ხმელეთში ღრმადაა შეჭრილი გუაიაკილის და ვენესუელის ყურეები, მარაკაიბოს ტბა და რიო-დე-ლა-პლატის ყურე. წყნარი ოკეანის სანაპირო უმთავრესად სწორხაზოვანი და აბრაზიულ-აკუმულაციურია, პერუში უმთავრესად კლდოვანია. ატლანტის ოკეანის სანაპიროც სწორხაზოვანია. ღია, ნამგლისებრი ყურეები დამახასიათებელია პატაგონიის სანაპიროსათვის 

                                                                   რელიეფი
სამხრეთ ამერიკაში მკაფიოდ განირჩევა ბაქნური ვაკე-ზეგანი, ანდებს გარე აღმოსავლეთი და ანდების მთების ოროგენიულ სარტყელში მოქცეული ანდური დასავლეთი. სამხრეთ ამერიკის ბაქნის აზევებებს რელიეფში შეესაბამება გვიანის, ბრაზილიისა და პატაგონიის ზეგნები; ჩაღრმავებებს — ლიანოს-ორინოკოს, ამაზონის, ბენი-მამორეს, გრან-ჩაკოსა და სხვა ვაკე-დაბლობები. აღმოსავლეთით ზეგნები შემოფარგლულია სანაპირო ვაკეების ვიწრო, წყვეტილი ზოლით. გვიანის ზეგნის (სიმაღლე 3014 მ-მდე, მთა პიკო-და-ნებლინა) და ბრაზილიის ზეგნის (სიმაღლე 2890 მ, მთა ბანდიერა) რელიეფში ჭარბობს ცოკოლიანი ტალღოვანი ვაკეები, რომლებზეც მკაფიოდ გამოირჩევა კონუსური შთენილი მწვერვალები და ჭიუხები (მაგ. სერა-დე-ესპინიასუ) ან მაგიდა მაღლობები - ე. წ. შპადები (აუიან-ტე-პუი, რორაიმა და სხვა). პატაგონიაში უფრო მეტად განვითარებულია კანიონებით დასერილი შრეებრივი, მათ შორის ვულკანური საფეხურებრივი პლატოები.
კონტინენტის დასავლეთ კიდეებზე, დაახლოებით 9000 კმ-ზე, გადაჭიმულია ანდების მთათა სისტემა. ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვენესუელაში, განლაგებულია რღვევებითა და მდინარის ეროზიით ღრმად დანაწევრებული კარიბის ანდების ორი მთაგრეხილი. მათი სამხრეთ-დასავლეთი გაგრძელებაა ჩრდილო-დასავლეთ ანდების ნაოჭა-ლოდა ქედები. წყნარი ოკეანის სანაპიროზე გადაჭიმულია ანდების ძირითადი სისტემა, რომელიც შედგება უმთავრესად მერიდიანული მიმართულების რამდენიმე ქედისაგან. ჩრდილოეთი ნაწილისათვის (ეკვადორისა და პერუს ანდები) დამახასიათებელია მაღალი ნაოჭა-ლოდა ქედებისა და ღრმა ქვაბულების მონაცვლეობა. ეკვადორში მთათაშუა ქვაბული ჩიმბორასოსა და კოტოპახის ვულკანური მასალითაა ამოვსებული. ამ რეგიონში ვხვდებით ასევე 2-3 ათასი მეტრის სიმაღლის ძველ ნატბეურ პლატოებს. ცენტრალური ანდებისათვის დამახასიათებელია კიდური ქედებით შემოზღუდული და 3-5 ათას მეტრამდე აზიდული შიგა ზეგნები, რომელთაგან ყველაზე ვრცელია ზეგანი პუნა. სამხრეთ ნაწილშია ჩილე-არგენტინის ანდები (აქ მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი აკონკაგუა, 6960 მ) და პატაგონიის ანდები. ცენტრალურ ანდებთან შედარებით აქ მთათა სისტემა დავიწროებულია, ხოლო უკიდურეს სამხრეთში კუნძულთა ჯგუფად - არქიპელაგად გადაიქცევა. მყინვარებს სამხრეთ ამერიკაში 25 ათასი კმ² ფართობი უკავია.

                                               გეოლოგია და სასარგებლო წიაღისეული

სამხრეთი ამერიკის კონტინენტი შედგება ორი ძირითადი სტრუქტურული ერთეულისაგან - სამხრეთი ამერიკის ბაქნისა და ანდების ნაოჭა მთიანი სისტემისაგან. ბაქნის ფუნდამენტი შედგება სხვადასხვა დროს (არქაულიდან ადრეული პალეოზოური დროის ჩათვლით) კონსოლიდირებული ბლოკებისაგან. ფუნდამენტის ვრცელი შვერილებია გვიანის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბრაზილიის ფარები, რომლებიც აგებულია კამბრიულისწინა მეტამორფული ქანებისა და გრანიტებისაგან. გვიანისა და დასავლეთი ბრაზილიის ფარის წყალგამყოფებზე შემორჩენილია ძველი, პროტობაქნური საფრის ნაშთები - წითელი ფერის ტერიგენული ნალექები და ბაზალტის განფენები გაბრო-დიაბაზების დაიკებითა და სილებით. უფრო ახალგაზრდა, შუა-ზედაპალეოზოური და მეზოზოური ასაკის საფარი ავსებს ბაქნის ღრმულებს. ატლანტის ოკეანის სანაპირო აგებულია ცაცრცული სისტემის და კაინოზოური ჯგუფის ნალექებით.
ანდების მთათა სისტემა ძირითადად ჩამოყალიბდა ალპური დანაოჭების შედეგად. იგი ჩაისახა ტრიასულ პერიოდში პალეოზოურ და ბაიკალურ დანაოჭებულ სუბსტრატზე. ტერიგენული და ვულკანური ნალექთა დაგროვება ცარცული პერიოდის ბოლომდე გრძელდებოდა; შემდეგ დაიწყო დანაოჭება, რასაც მოჰყვა გრანიტოიდული ინტრუზივების შემოჭრა. კაინოზოურ ერაში ჩაისახა და ჩამოყალიბდა მთათაშუა და კიდური როფები, რომლებიც ამოივსო დიდი სისქის დანალექი წყებებით; ანდებში დაიწყო ასევე ვულკანების ინტენსიური მოქმედებები, რომელიც ახლაც გრძელდება. ხშირია მიწისძვრებიც, მათ შორის დამანგრეველიც.
სამხრეთი ამერიკა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით: რკინის მადნის უდიდესი საბადოებია ვენესუელასა და ბრაზილიაში; სპილენძისა - ცენტრალურ ანდებში; იშვიათი ელემენტებისა - აღმოსავლეთ ბრაზილიაში; კალის, სტიბიუმისა და ვერცხლის - ბოლივიაში; ნავთობისა - ვენესუელაში; ბოქსიტებისა - გაიანასა და სურინამში. არის აგრეთვე ქვანახშირისა და მურა ნახშირის საბადოები

                                                          ჰავა

    
კონტინენტის უმთავრესად დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს მზის სითბოს დიდი რაოდენობით მიღებას. სამხრეთ ტროპიკის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა 20-28 °C შორის მერყეობს (მაქსიმალური — 49 °C, გრან-ჩაკოში), პატაგონიაში ზაფხულში (იანვარი) 10 °C-მდე ეცემა, პამპაში ზამთარში (ივლისი) 6-10 °C-მდე, ხოლო უკიდურეს სამხრეთ ნაწილში კი 1 °C-მდე. მაღალმთიან ზეგნებსა და სამხრეთ ნაწილში მინიმალური ტემპერატურა −30 °C-მდეა. ჰაერის მასების ეკვატორული პასატურ-მუსონური ცირკულაცია იწვევს ოკეანიდან კონტინენტის სიღრმეში თბილი და ნოტიო ჰაერის შეჭრას, რაც ანდების აღმოსავლეთ კალთებამდე ვრცელდება და განაპირობებს ნალექების სიუხვეს.
სამხრეთი ამერიკა მდებარეობს ეკვატორულ, ჩრდილოეთ და სამხრეთ სუბეკვატორულ, ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებში. ეკვატორული სარტყელი მოიცავს ამაზონის დაბლობის დიდ ნაწილს, სადაც მუდმივად ნოტიო და ცხელი ჰავაა. დასავლეთ ნაწილში — ანდებში — მთის ეკვატორული ჰავაა. სუბეკვატორულ სარტყელში ზაფხული ცხელი და ნოტიო იცის, ზამთარი — თბილი და მშრალი. სუბეკვატორული ჰავაა სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში, ლიანოს-ორინოკოს დაბლობზე, გვიანის ზეგნის ჩრდილოეთით, ბრაზილიის ზეგნის ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილებში, აკრი-ბენი-მამორეს ვაკეებსა და ეკვადორის დასავლეთ რაიონებში. ტროპიკულ სარტყელში დანესტიანება კლებულობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ცენტრალურ ანდებში მდებარე პუნა აღმოსავლეთის ქარებისაგან თითქმის იზოლირებულია; მის ჩრდილოეთ ნაწილში ტროპიკული მაღალი მთის ჰავაა (ზაფხულობით იცის წვიმები), ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში კი — კონტინენტური უდაბნოსი. სარტყლის წყნაროკეანურ ნაწილში ჰავა განსაკუთრებით მშრალია, ნალექები ხშირად წლობით არ მოდის; სანაპირო ზოლი გამოირჩევა ზამთარ-გაზაფხულის ძლიერი ნისლითა და ჟინჟღლით, აგრეთვე შედარებით დაბალი ტემპერატურებით. სუბტროპიკული სარტყელის აღმოსავლეთ ნაწილში (ბრაზილიის ზეგნის სამხრეთი; აღმოსავლეთი პამპა) თბილი და მუდმივად ნოტიო ჰავაა. დამახასიათებელია სამხრეთის ძლიერი ქარი - პამპერო, რომელიც ზამთრობით იწვევს წაყინვებს. დასავლეთით ჰავა უფრო მშრალია, ნალექები მხოლოდ ზაფხულში მოდის. წყნაროკეანისპირა სექტორში (ჩილე) ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჰავაა, მშრალი ზაფხულითა და ნოტიო ზამთრით. ზომიერი სარტყლის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს ჰაერის მასების დასავლური გადატანა. მათ ანდების ქარპირა დასავლეთ კალთაზე დიდი რაოდენობით მოაქვთ ნალექი, პატაგონია კი "წვიმის ჩრდილში" ხვდება და ჰავა ნახევარუდაბნოსია.                                               



ლინკი სამხრეთ ამერიკის ვიკიპედიაზე;
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90