Wednesday, 14 October 2015

                                                            სამხრეთ ამერიკა

სამხრეთი ამერიკა (ესპ. América del Sur, Sudamérica, Suramérica, პორტ. América do Sul, ინგლ. South America, ნიდერლ. Zuid-Amerika, ფრანგ. Amérique du Sud, გუარ. Ñembyamérika, კეჩ. Urin Awya Yala, Urin Amerika) — კონტინენტი დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროსა და, ძირითადად, სამხრეთ ნახევარსფეროში; ესაზღვრება სამხრეთით და დასავლეთით წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე; ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის ზღვა მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით. უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — პუნტა-გალინასის კონცხი (ჩ. გ. 12°28'), სამხრეთით — ფროუორდის კონცხი (ს. გ. 53°54'), აღმოსავლეთით — კაბუ-ბრანკუს კონცხი (დ. გ. 34°37') და დასავლეთით — პარინიასის კონცხი (დ. გ. 81°20').
როგორც ამერიკის ნაწილი, ჩრდ. ამერიკის მსგავსად სამხრეთ ამერიკას სახელი ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად დაერქვა. ის პირველი ევროპელი იყო, ვინც ამტკიცებდა, რომ ამერიკა აღმოსავლეთ ინდოეთის ნაწილი კი არ იყო, არამედ მანამდე ევროპელთათვის უცნობი ახალი მსოფლიო.
სამხრეთ ამერიკის ფართობია 17 840 000 კმ², მისი მოსახლეობა 2005 წლისთვის შეადგენდა 371 000 000 ადამიანს. სამხრეთ ამერიკა ფართობით მეოთხეა აზიის, აფრიკისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ და მოსახლეობით მეხუთე (აზიის, აფრიკის, ევროპისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ).
სამხრეთ ამერიკას ეკუთვნის მრავალი კუნძული, მათ შორის: ქარზურგა კუნძულები და კუნძული ტრინიდადი, ფოლკლენდის კუნძულები, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი, გალაპაგოსის, ჩილეს სამხრეთით და დასავლეთით მდებარე კუნძულები და სხვა.
სამხრეთი ამერიკის ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული, მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთი ნაწილია ფიორდებით შეჭრილ-შემოჭრილი. ხმელეთში ღრმადაა შეჭრილი გუაიაკილის და ვენესუელის ყურეები, მარაკაიბოს ტბა და რიო-დე-ლა-პლატის ყურე. წყნარი ოკეანის სანაპირო უმთავრესად სწორხაზოვანი და აბრაზიულ-აკუმულაციურია, პერუში უმთავრესად კლდოვანია. ატლანტის ოკეანის სანაპიროც სწორხაზოვანია. ღია, ნამგლისებრი ყურეები დამახასიათებელია პატაგონიის სანაპიროსათვის 

                                                                   რელიეფი
სამხრეთ ამერიკაში მკაფიოდ განირჩევა ბაქნური ვაკე-ზეგანი, ანდებს გარე აღმოსავლეთი და ანდების მთების ოროგენიულ სარტყელში მოქცეული ანდური დასავლეთი. სამხრეთ ამერიკის ბაქნის აზევებებს რელიეფში შეესაბამება გვიანის, ბრაზილიისა და პატაგონიის ზეგნები; ჩაღრმავებებს — ლიანოს-ორინოკოს, ამაზონის, ბენი-მამორეს, გრან-ჩაკოსა და სხვა ვაკე-დაბლობები. აღმოსავლეთით ზეგნები შემოფარგლულია სანაპირო ვაკეების ვიწრო, წყვეტილი ზოლით. გვიანის ზეგნის (სიმაღლე 3014 მ-მდე, მთა პიკო-და-ნებლინა) და ბრაზილიის ზეგნის (სიმაღლე 2890 მ, მთა ბანდიერა) რელიეფში ჭარბობს ცოკოლიანი ტალღოვანი ვაკეები, რომლებზეც მკაფიოდ გამოირჩევა კონუსური შთენილი მწვერვალები და ჭიუხები (მაგ. სერა-დე-ესპინიასუ) ან მაგიდა მაღლობები - ე. წ. შპადები (აუიან-ტე-პუი, რორაიმა და სხვა). პატაგონიაში უფრო მეტად განვითარებულია კანიონებით დასერილი შრეებრივი, მათ შორის ვულკანური საფეხურებრივი პლატოები.
კონტინენტის დასავლეთ კიდეებზე, დაახლოებით 9000 კმ-ზე, გადაჭიმულია ანდების მთათა სისტემა. ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვენესუელაში, განლაგებულია რღვევებითა და მდინარის ეროზიით ღრმად დანაწევრებული კარიბის ანდების ორი მთაგრეხილი. მათი სამხრეთ-დასავლეთი გაგრძელებაა ჩრდილო-დასავლეთ ანდების ნაოჭა-ლოდა ქედები. წყნარი ოკეანის სანაპიროზე გადაჭიმულია ანდების ძირითადი სისტემა, რომელიც შედგება უმთავრესად მერიდიანული მიმართულების რამდენიმე ქედისაგან. ჩრდილოეთი ნაწილისათვის (ეკვადორისა და პერუს ანდები) დამახასიათებელია მაღალი ნაოჭა-ლოდა ქედებისა და ღრმა ქვაბულების მონაცვლეობა. ეკვადორში მთათაშუა ქვაბული ჩიმბორასოსა და კოტოპახის ვულკანური მასალითაა ამოვსებული. ამ რეგიონში ვხვდებით ასევე 2-3 ათასი მეტრის სიმაღლის ძველ ნატბეურ პლატოებს. ცენტრალური ანდებისათვის დამახასიათებელია კიდური ქედებით შემოზღუდული და 3-5 ათას მეტრამდე აზიდული შიგა ზეგნები, რომელთაგან ყველაზე ვრცელია ზეგანი პუნა. სამხრეთ ნაწილშია ჩილე-არგენტინის ანდები (აქ მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი აკონკაგუა, 6960 მ) და პატაგონიის ანდები. ცენტრალურ ანდებთან შედარებით აქ მთათა სისტემა დავიწროებულია, ხოლო უკიდურეს სამხრეთში კუნძულთა ჯგუფად - არქიპელაგად გადაიქცევა. მყინვარებს სამხრეთ ამერიკაში 25 ათასი კმ² ფართობი უკავია.

                                               გეოლოგია და სასარგებლო წიაღისეული

სამხრეთი ამერიკის კონტინენტი შედგება ორი ძირითადი სტრუქტურული ერთეულისაგან - სამხრეთი ამერიკის ბაქნისა და ანდების ნაოჭა მთიანი სისტემისაგან. ბაქნის ფუნდამენტი შედგება სხვადასხვა დროს (არქაულიდან ადრეული პალეოზოური დროის ჩათვლით) კონსოლიდირებული ბლოკებისაგან. ფუნდამენტის ვრცელი შვერილებია გვიანის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბრაზილიის ფარები, რომლებიც აგებულია კამბრიულისწინა მეტამორფული ქანებისა და გრანიტებისაგან. გვიანისა და დასავლეთი ბრაზილიის ფარის წყალგამყოფებზე შემორჩენილია ძველი, პროტობაქნური საფრის ნაშთები - წითელი ფერის ტერიგენული ნალექები და ბაზალტის განფენები გაბრო-დიაბაზების დაიკებითა და სილებით. უფრო ახალგაზრდა, შუა-ზედაპალეოზოური და მეზოზოური ასაკის საფარი ავსებს ბაქნის ღრმულებს. ატლანტის ოკეანის სანაპირო აგებულია ცაცრცული სისტემის და კაინოზოური ჯგუფის ნალექებით.
ანდების მთათა სისტემა ძირითადად ჩამოყალიბდა ალპური დანაოჭების შედეგად. იგი ჩაისახა ტრიასულ პერიოდში პალეოზოურ და ბაიკალურ დანაოჭებულ სუბსტრატზე. ტერიგენული და ვულკანური ნალექთა დაგროვება ცარცული პერიოდის ბოლომდე გრძელდებოდა; შემდეგ დაიწყო დანაოჭება, რასაც მოჰყვა გრანიტოიდული ინტრუზივების შემოჭრა. კაინოზოურ ერაში ჩაისახა და ჩამოყალიბდა მთათაშუა და კიდური როფები, რომლებიც ამოივსო დიდი სისქის დანალექი წყებებით; ანდებში დაიწყო ასევე ვულკანების ინტენსიური მოქმედებები, რომელიც ახლაც გრძელდება. ხშირია მიწისძვრებიც, მათ შორის დამანგრეველიც.
სამხრეთი ამერიკა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით: რკინის მადნის უდიდესი საბადოებია ვენესუელასა და ბრაზილიაში; სპილენძისა - ცენტრალურ ანდებში; იშვიათი ელემენტებისა - აღმოსავლეთ ბრაზილიაში; კალის, სტიბიუმისა და ვერცხლის - ბოლივიაში; ნავთობისა - ვენესუელაში; ბოქსიტებისა - გაიანასა და სურინამში. არის აგრეთვე ქვანახშირისა და მურა ნახშირის საბადოები

                                                          ჰავა

    
კონტინენტის უმთავრესად დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს მზის სითბოს დიდი რაოდენობით მიღებას. სამხრეთ ტროპიკის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა 20-28 °C შორის მერყეობს (მაქსიმალური — 49 °C, გრან-ჩაკოში), პატაგონიაში ზაფხულში (იანვარი) 10 °C-მდე ეცემა, პამპაში ზამთარში (ივლისი) 6-10 °C-მდე, ხოლო უკიდურეს სამხრეთ ნაწილში კი 1 °C-მდე. მაღალმთიან ზეგნებსა და სამხრეთ ნაწილში მინიმალური ტემპერატურა −30 °C-მდეა. ჰაერის მასების ეკვატორული პასატურ-მუსონური ცირკულაცია იწვევს ოკეანიდან კონტინენტის სიღრმეში თბილი და ნოტიო ჰაერის შეჭრას, რაც ანდების აღმოსავლეთ კალთებამდე ვრცელდება და განაპირობებს ნალექების სიუხვეს.
სამხრეთი ამერიკა მდებარეობს ეკვატორულ, ჩრდილოეთ და სამხრეთ სუბეკვატორულ, ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებში. ეკვატორული სარტყელი მოიცავს ამაზონის დაბლობის დიდ ნაწილს, სადაც მუდმივად ნოტიო და ცხელი ჰავაა. დასავლეთ ნაწილში — ანდებში — მთის ეკვატორული ჰავაა. სუბეკვატორულ სარტყელში ზაფხული ცხელი და ნოტიო იცის, ზამთარი — თბილი და მშრალი. სუბეკვატორული ჰავაა სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში, ლიანოს-ორინოკოს დაბლობზე, გვიანის ზეგნის ჩრდილოეთით, ბრაზილიის ზეგნის ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილებში, აკრი-ბენი-მამორეს ვაკეებსა და ეკვადორის დასავლეთ რაიონებში. ტროპიკულ სარტყელში დანესტიანება კლებულობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ცენტრალურ ანდებში მდებარე პუნა აღმოსავლეთის ქარებისაგან თითქმის იზოლირებულია; მის ჩრდილოეთ ნაწილში ტროპიკული მაღალი მთის ჰავაა (ზაფხულობით იცის წვიმები), ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში კი — კონტინენტური უდაბნოსი. სარტყლის წყნაროკეანურ ნაწილში ჰავა განსაკუთრებით მშრალია, ნალექები ხშირად წლობით არ მოდის; სანაპირო ზოლი გამოირჩევა ზამთარ-გაზაფხულის ძლიერი ნისლითა და ჟინჟღლით, აგრეთვე შედარებით დაბალი ტემპერატურებით. სუბტროპიკული სარტყელის აღმოსავლეთ ნაწილში (ბრაზილიის ზეგნის სამხრეთი; აღმოსავლეთი პამპა) თბილი და მუდმივად ნოტიო ჰავაა. დამახასიათებელია სამხრეთის ძლიერი ქარი - პამპერო, რომელიც ზამთრობით იწვევს წაყინვებს. დასავლეთით ჰავა უფრო მშრალია, ნალექები მხოლოდ ზაფხულში მოდის. წყნაროკეანისპირა სექტორში (ჩილე) ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჰავაა, მშრალი ზაფხულითა და ნოტიო ზამთრით. ზომიერი სარტყლის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს ჰაერის მასების დასავლური გადატანა. მათ ანდების ქარპირა დასავლეთ კალთაზე დიდი რაოდენობით მოაქვთ ნალექი, პატაგონია კი "წვიმის ჩრდილში" ხვდება და ჰავა ნახევარუდაბნოსია.                                               



ლინკი სამხრეთ ამერიკის ვიკიპედიაზე;
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90




































No comments:

Post a Comment